პრეზიდენტის მხრიდან დათმობების მიუხედავად, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ემანუელ მაკრონის დათმობების მიუხედავად, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. პარიზში, მონპელიეში, ნანტში და ქვეყნის სხვა ქალაქებში მთავრობის რეფორმების პოლიტიკა სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს. ახალგაზრდების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს, რომ განათლების სფეროში მთავრობის გეგმა უმაღლეს სასწავლებლებში დაშვების გართულებას და უცხოელებისთვის სწავლის გადასახადის გაძვირებას ითვალისწინებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ინიციატივებს უნდობლობას უცხადებენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები და აცხადებენ, რომ მაკრონის დაპირებების არ სჯერათ. საპროტესტო მოძრაობის წევრები ბლოკადის გაგრძელებას გეგმავენ.
თითქმის ერთთვიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და ახალი ინიციატივები გააჟღერა. მაკრონის თქმით, მინიმალური სამუშაო ანაზღაურება 2019 წელს 100 ევროთი გაიზრდება, დაბალი შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის კი, გადასახადები აღარ გაიზრდება. მაკრონმა ასევე დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის წლის ბოლოს პრემიის გადახდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს თანხა არ დაიბეგრება.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად საწვავზე ფასების გაზრდის გეგმას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის მიერ შემუშავებული სხვა გეგმებიც გააპროტესტეს.