პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედა - ჩემს შვილს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ამას ვიდეოკამერების ჩანაწერიც ადასტურებს
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედა - ჩემს შვილს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ამას ვიდეოკამერების ჩანაწერიც ადასტურებს

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედა, ნაზი ბოლქვაძე აცხადებს, რომ მისი შვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს თავად მიმართა და გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

ნაზი ბოლქვაძე ამბობს, რომ მის შვილს პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი განზრახ არ მოუკლავს.

როგორც ბოლქვაძე აცხადებს, რამაზ დევაძეს გაშველების დროს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ამას ღამის კლუბის ვიდეოკამერების ჩანაწერიც ადასტურებს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მქონია კომუნიკაცია. პრეზიდენტს პირადად მივმართე. ბათუმში არის სახალხო დამცველი და იქაც მივმართე და დავწერე, თავისი სიგელები და როგორი დახასიათება ჰქონდა. ყველა მტკიცებულება მქონდა, რომ ჩემს შვილს არ ეკუთვნოდა ეს სასჯელი. ყველას ხელწერილი (რეკომენდაცია) მაქვს სახლში – კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბის. სასჯელაღსრულებაში როგორი პატიმარი იყო ჩემი შვილი, 4 წელი და 8 თვე შეასრულა. მე დავწერე, ჩემი შვილი ასე ხასიათდება და გავგზავნე და მომივიდა დადებითი პასუხი. მარგველაშვილსაც მივმართე, ველოდებოდი დადებით პასუხს. აქ არ იყო განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა რამაზ დევაძის დედამ.

ნაზი ბოლქვაძის თქმით, ვიდეომტკიცებულება, სადაც ასახულია ინციდენტის დეტალები, გარდაცვლილის ახლობლებმაც ნახეს.

„სასამართლო ისე ჩატარდა, წელიწადი და ცხრა თვე ტარდებოდა, არცერთი მუკბანიანი არ ყოფილა პროცესზე. კადრებს უყურეს. გარდაცვლილის ბიძაშვილები და ახლობლები იცნობდნენ ჩემს შვილს, 12 წლიდან ჭიდაობდა და იყო სპორტით დაკავებული“,- განაცხადა შეწყალებულის დედამ.

ამასთან, მისივე თქმით, შეწყალებული რამაზ დევაძე გარდაცვლილი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის სახელზე თბილისში ტაძარს აშენებს.