პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ რამაზ დევაძის ადვოკატი - პრეზიდენტთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია შეწყალებაზე და მშვენივრად იცოდა მან, რას აწერდა ხელს
პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ რამაზ დევაძის ადვოკატი - პრეზიდენტთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია შეწყალებაზე და მშვენივრად იცოდა მან, რას აწერდა ხელს

პრეზიდენტთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია შეწყალებაზე და მშვენივრად იცოდა მან, რას აწერდა ხელს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის ადვოკატმა, თეონა ქორიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მათ პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მომხდარი მკვლელობა იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

„შეწყალებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა დიმიტრი გაბუნიასთან. რაც შეეხება მკვლელის შეწყალებას, არსებობს გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც შეიძლება იქნას ადამიანი შეწყალებული. პრეზიდენტთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია შეწყალებაზე და მშვენივრად იცოდა მან, რას აწერდა ხელს, გააზრებულადაც გააკეთა ეს ყველაფერი. გადახედა სიტუაციას, დაზარალებულის დამოკიდებულებას, თუ რამდენად არ ჰქონდათ მათ პრეტენზია შეწყალებასთან დაკავშირებით, ნახა ვიდეოკადრებიც, გაითვალისწინა ისიც, რომ რამაზ დევაძის მიერ არ იყო ეს ყველაფერი წამოწყებული და ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა რამაზ დევაძის ადვოკატმა, თეონა ქორიძემ.

ამასთან ადვოკატმა განაცხადა, რომ რამაზ დევაძის საქმე თავიდანვე განიხილებოდა როგორც კრიმინალური შემთხვევა, რაც არასწორი მიდგომაა.

„„თავიდანვე, როგორც კი რამაზ დევაძე იქნა დაპატიმრებული ეს შემთხვევა არ იქნა განხილული, როგორც ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა, იყო განხილული, როგორც კრიმინალური სამყაროს წევრის მიერ ჩადენილი დანაშაული. მის სახელს უკავშირებდნენ მინდია ლავასოღლის მეგობრობას. ისინი ბავშვობიდან ერთად ჭიდაობდნენ, მაგრამ დევაძეს თავის ცვხოვრება ჰქონდა, ლავასოღლის თავისი. პოლიციელის გარდაცვალება დაუკავშირეს, რომ თურმე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ერჩოდნენ ადამიანების უფლებადამცველებს. თავიდანვე სცადეს მისი რეპუტაციის შელახვა, რამაც იმოქმედა სასამართლოზე და ამიტომაც მოიღეს ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა.