პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება შერჩევის პროცესებზე.

„მიგვაჩნია, რომ მთავარია შედეგია და რეალისტური პროცესი, ეს მიიღწევა მაშინ, როდესაც სახელისუფლებო ინსტიტუციები მაქსიმალურად გადადებენ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს და აქცენტი გაკეთდება მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად. კანდიდატი შეირჩევა არა ლოიალობის მიხედვით, რომელიმე ჯგუფის ან ინსტიტუციის მიმართ, არამედ ერთგულებით მართლმსაჯულების სისტემისადმი, რაც მოაპოვებინებს ნდობას სასამართლო სისტემას. ეს არის მთავარი მიზანი იურიდიული პროფესიის”, – განაცხადა დავით ასათიანმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 2 აგვისტოს თანამდებობა დატოვა.  ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.

პრეზიდენტმა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე, პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ყველა უნდა ჩაერთოს პროცესში, რომლის მიზანიც უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს, დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, ექნება საკმარისი კვალიფიკაცია და მორალური ძალა, საზოგადოების  მხარდაჭერა, რათა დაიწყოს სასამართლო სისტემაში პოზიტიური პროცესები.