პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა.

პრეზიდენტის განცხადებით, მას, როგორც საქართველოს პრეზიდენტსა და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

„გილოცავთ აფხაზური ენის დღეს. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, აფხაზური ენის დაცვის პასუხისმგებლობა მაკისრია. ეს ჩემთვის უდიდესი და იმავდროულად უმძიმესი პასუხისმგებლობაა, მით უფრო იმ დროს, როდესაც აფხაზური ენა იუნესკოს მიერ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაშია შეტანილი. პრეზიდენტად არჩევის დღიდან ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ჩემს გამოსვლაში, სადაც ეს შესაძლებელია, ვცდილობ, ხაზი გავუსვა ამ საკითხს.

არაერთხელ გავამახვილე ყურადღება აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზრუნვა სხვადასხვა ფორმით გამოიხატება – გამოვეცით საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ქართულ-აფხაზური ვერსია, დაფინანსდა ორენოვანი ლიტერატურული ჟურნალი და ორბელიანების სასახლის ერთ-ერთ დარბაზს, სადაც ახლა ვდგავარ, ამრას სახელი დაერქვა.

ჩემი და ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ აფხაზი ხალხის წინაშე არაა, აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ერთობლივი წარსულის, კულტურის, იდენტობის მიმართ არსებული მოვალეობაცაა, რადგან საქართველოს კულტურის უნიკალურობა და სიმდიდრე სწორედ ჩვენს ენობრივ მრავალფეროვნებაზე დგას. ამის დავიწყება ჩვენთვის საკუთარი თავის დავიწყების ტოლფასია და ეს შეუძლებელია.

ამავე დროს, აფხაზური ენის დაცვა ერთ-ერთია იმ საკითხთა შორის, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

თუ მომავალზე გვაქვს სწორება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ აფხაზურენოვანი ინტერნეტსივრცის გაფართოებასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს თანამედროვე მეცნიერებისა და ენათმეცნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მე მჯერა, რომ გამოწვევის წინაშე ჩვენი საზოგადოება შეძლებს საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას, ერთად დავძლევთ სიძნელეებს და ამით შევქმნით შერიგების და ერთობლივი მომავლის საწინდარს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.