პრეზიდენტის ადმინისტრაცია შშმ პირებისთვის კონკურსს აცხადებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია შშმ პირებისთვის კონკურსს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კონკურსს აცხადებს.

აღნიშნულის თაობაზე განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

„გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია, ახორციელებენ პროექტებს შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა, თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა, თუ წარუმატებლობის ისტორიები. კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც, რათა თავად აღმოაჩინონ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები“,- განაცხადა შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტმა სიმონ პეტრიდისმა.

მისივე თქმით, შშმ პირთა ისტორიების კონკურსში ექვსი გამარჯვებული გამოვლინდება.

„აქედან, დაჯილდოვდება სამი ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი. კონკურსისათვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება დღეიდან, 1 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. კონკურსი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და მის ორგანიზებას მომავალ წლებშიც ვგეგმავთ. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთვსდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე“,- განმარტა სიმონ პეტრიდისმა.