პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორეს მოსთხოვა, აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესია სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას დაექვემდებაროს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორეს მოსთხოვა, აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესია სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას დაექვემდებაროს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, მის უწმინდესობა გარეგინ მეორეს მოსთხოვა, აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესია და სამრევლოს წინამძღვარი  სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციას დაექვემდებაროს, როგორც ეს ისტორიულად იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხური ეკლესიის მეთაურს, გარეგინ მეორეს სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

„ერთი საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ საქართველოს პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში. ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მიტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე.  უფრო სასურველი იქნება, დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა გარეგინ მეორესთან შეხვედრაზე.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად. სალომე ზურაბიშვილმა მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიისა და სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.

„სომხური ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ „ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში”.

პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი