პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას განიხილეს კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული, კრიზისული ვითარება.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ევროპული სოლიდარობა.
„შარლ მიშელი საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებით დაინტერესდა, რომელიც ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას უკავშირდება და თავის მხრივ, ევროპის ქვეყნების სამომავლო ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კრიზისმა ტურიზმის სექტორი სერიოზულად დააზარალა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიზისის შემდეგ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბრისას აღინიშნა, რომ გეოპოლიტიკურად საქართველო ევროპის ახლო პარტნიორია.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.