პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხი განიხილა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება და მცოცავი ანექსიის შემთხვევები განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლო მექანიზმებს, რომელიც გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმზე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შექმნილი ვაკუუმი და ის ნაბიჯები იყო, რომელიც უნდა გადაიდგას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად არსებულ რესურსებთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარ მიქაელ გალერი განცხადებით, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები იცნობენ საქართველოში მიმდინარე ანექსიის ფაქტებს და გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.

„პარლამენტი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსენებს იმ ამბებს, რომლებიც დღემდე ნათლად ასახავენ იმას, თუ რას შეიძლება ველოდოთ რუსეთისგან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მიქაელ გალერის განცხადებით, ევროპარლამენტი მიესალმება უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიმართ ამერიკელი მეგობრებისა და ნატოს მიერ გამოხატულ მხარდაჭერას.

„ჩვენც ორმხრივი თანამშრომლობის, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს“, – აღნიშნა მიქაელ გალერი.

მისი განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა ევროკავშირიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.