პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს ხვალ გააფორმებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს ხვალ გააფორმებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხვალ გააფორმებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

მემორანდუმი ხვალ, 11:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფორმდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა, ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან – რვა წლამდე.