პრეზიდენტი - შემზარავია, რაც ხორავას ქუჩაზე დღეს მოხდა
პრეზიდენტი - შემზარავია, რაც ხორავას ქუჩაზე დღეს მოხდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა GIPA-ს ​კურსდამთავრებულებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ შემზარავია, რაც ხორავას ქუჩაზე დღეს მოხდა. პრეზიდენტის თქმით, კურსდამთავრებულებმა სწორედ ამ გამოწვევებზე უნდა იფიქრონ და თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აიღონ.

„თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რაც დღეს მოხდა, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა არის თქვენი არ დაელოდოთ ხვალინდელ დღეს. გვერდით გადგომა არის ის, რაც გაკარგვინებთ საკუთარი ქვეყნის შეგრძნებას. თუ სხვა ადამიანის გასაჭირი თქვენთვის აბსტრაქტული თემებია ვერ განვითარდებით, პასუხისმგებლობა დღევანდელობაზე ამ ქვეყანაზე არის ის, რაც აძლებინებდა ჩვენს ქვეყანას. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ იმ ფენომენს, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.