პრეზიდენტი საზოგადოებას ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს
პრეზიდენტი საზოგადოებას ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს, 12:12 საათზე დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა.

„საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით მათ შორის, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ქალები არა მხოლოდ მონაწილეობდნენ 100 წლის წინ არჩევნებში, ისინი მონაწილეობას იღებდნენ პირველი კონსტიტუციის შემუშავებაში და რაც მთავარია, თავად იყვნენ დამფუძნებელი კრების არჩეული წევრები.

კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან გვინდა დავასახელოთ დამფუძნებელი კრების წევრი ქალების სახელები: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ ბარსეგოვა-მახვილაძისა.

აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარიამ ჩხეიძეც, სწორედ ის გახლავთ პირველი ქართველი ქალი, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, დღემდე საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის ეს იმდენად შთამბეჭდავი ფაქტია, რომ გასულ კვირას, 8 მარტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დამფუძნებელი კრების წევრი ქალების შესახებ ერთ-ერთი გაზიარებადი ინფორმაცია იყო უცხოელი მომხმარებლების მიერ.