პრეზიდენტი - პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის
პრეზიდენტი - პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

„ყველას დიდი სიყვარულით, სიხარულით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. იმიტომ, რომ ამ მომენტში, ამ დღეს ყოველ წელს ჩვენში იშვება კიდევ ერთხელ ახალი, უმანკო და კეთილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„პატრიარქის ეპისტოლე ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური ცხოვრებით, სასულიერო ცხოვრებით მაცხოვრებელი ჩვენი წმინდა მამები და დედები თავის ხედვას და თავის ტკივილს გაგვიზიარებენ ხოლმე.

რა თქმა უნდა, ყველა ეს თემა, რაც დღეს იქნა ნახსენები, უაღრესად ესადაგება იმ დღესასწაულს, როდესაც წმინდა ოჯახი ერთად იყო და ერთად დაესწრო მაცხოვრის მოსვლას ამქვეყნად. რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა გავაძლიერო სკოლა, გავაძლიერო უნივერსიტეტები, გავაძლიერო საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული. ასე ვკითხულობ მე ამ საკითხს.

ასევე, ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში და ნებისმიერ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, ჯობია, სხვანაირად მოვუაროთ ამ სირთულეს ჩვენს საზოგადოებაში და ვიფიქროთ, რანაირად უფრო შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა.

ასე რომ, დღევანდელი ეპისტოლე ჩემთვის არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.