პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მიმართავს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების მიღებამდე მოსამართლები უვადოდ არ დანიშნოს
პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მიმართავს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების მიღებამდე მოსამართლები უვადოდ არ დანიშნოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები არ დაივიწყოს.

გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე უშუალოდ პრემიერის განცხადების კომენტირებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებაზე არაერთხელ უსაუბრია.

„ნება მომეცით, კონკრეტული კომენტარი არც პრემიერის განცხადებაზე, არც სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ გავაკეთო. იმის თაობაზე, რომ ქართულ სასამართლოს სჭირდება გაძლიერება და გაჯანსაღება, ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაკეთებ განცხადებებს. დღეს მინდა, კონკრეტულად, ნათლად მოვუწოდო იმ გეგმაზე, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეაჩერებს სასამართლო სისტემაში არსებულ სირთულეებს.

პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტს მინდა მოვუწოდო, “გირგვლიანის შესწორებები”, რომელზეც სრული მხარდაჭერა გამოვხატე, არ უნდა დავივიწყოთ.

უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს ის, რაც ვთქვით. საქართველოს საზოგადოება უკვე მერამდენედ ვერ დაივიწყებს ამ ინიციატივას. ამ შესწორებებს შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს სისტემის გაჯანსაღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბევრ სირთულესთან მიმართებაში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა მიმართა იუსტიციის საბჭოს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების კანონად მიღებამდე, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს.

„მინდა, მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, ვიდრე შესწორებები არ იქნება პარლამენტის მიერ მიღებული კანონად, უვადო დანიშვნაზე მორატორიუმი გამოაცხადოს. მე არ ვამბობ, რომ ამ ორი მოწოდებით ჩვენ რეალურად გადავწყვეტთ პრობლემას, მაგრამ დრამატულ პროცესებს შევაჩერებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.