პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს. შეხვედრა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში შემავალი „ქართული ოცნების“ სამი ფრაქციის (ფრაქცია – ,,ქართული ოცნება“, ფრაქცია – ,,ქართული ოცნება – აჭარა“,ფრაქცია – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“) წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

უმრავლესობის შემდეგ კონსულტაცია „ნაციონალური მოძრაობის ფრაქციასთან“, შემდეგ კი „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებთან გაიმართება. ეს სამი პარტია თითო დეპუტატით არის წარმოდგენილი.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” კონსტიტუციური კანონითა და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით” განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

გიორგი მარგველაშვილი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ცალ-ცალკე შეხვდება.

ამ დროისთვის ოფიციალურად დასახელებულია მხოლოდ უმრავლესობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე. ოპოზიციის განცხადებით, კანდიდატურის დასახელების გადაწყვეტილებას კონსულტაციის მიმდინარეობის მომენტში გადაწყვეტენ, მას შემდეგ, რაც  პრეზიდენტის პოზიციას მოისმენენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. პრეზიდენტთან ერთად შეხვედრებს უმაღლეს საბჭოში ესწრებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.