პრესსამსახური - სალომე ზურაბიშვილმა და ანტონიო გუტიერეშმა იმ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ მის ყველასთვის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს
პრესსამსახური - სალომე ზურაბიშვილმა და ანტონიო გუტიერეშმა იმ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ მის ყველასთვის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტონიო გუტიერეშმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით და დროულ ღონისძიებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მიღწეული შედეგი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ საქართველომ ვირუსთან საბრძოლველი ყველა საჭირო ზომა სწორ დროს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თაობაზე.

პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა. საუბარი შეეხო ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კრიზისის საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობასა და გენერალური მდივნის ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ მოწოდებაში ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას. გუტიერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის ინიციატივაში სწორედ დეესკალაციის პროცესის გააქტიურება იგულისხმება. საქართველოს პრეზიდენტმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გაერო-ს წევრი ქვეყნების მიერ გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იმ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (რომელსაც მომავალში მიიღებენ) ყველა სახელმწიფოსათვის თანაბარ და დროულ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია ყველა ქვეყანას გააჩნდეს ვირუსთან ბრძოლის ვაქცინა.