ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ერთი პოზიციით გაუმჯობესდა
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე მოხვდა. 2019 წლის ანგარიშში საქართველოს 28,98 ქულა აქვს მინიჭებული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მდგომარეობა, წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავ ძალიან პოლარიზებული. ანგარიშის ავტორთა განცხადებით, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მედიამფლობელების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით სიტუაცია გააუმჯობესა, თუმცა მედიასაშუალებების მფლობელები მაინც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.

„ამასთან, „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს დიდი ზეგავლენა ექნება. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების რიცხვი შემცირებულია, თუმცა იუწყებიან მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას ჯერ დამაჯერებელი რეზულტატი არ მოუტანია“, – ნათქვამია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშში.

ყოველწლიური რეიტინგის ლიდერები არიან ნორვეგია, ნიდერლანდები და ფინეთი. ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს თურქმენთმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერითრეამ.

დატოვე კომენტარი