„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) გლობალური ქსელი ვეტერანი ქართველი ჟურნალისტის და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ წევრის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმის აქტიურ კრიტიკოსს, ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსთან, ირაკლი დგებუაძესთან შელაპარაკების შემდეგ პოლიციის ოფიცერზე თავდასხმაში ედება ბრალი, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ასევე დააკავა „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დემონსტრაციის გაშუქების დროს. მოგვიანებით მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებაშია ნათქვამი, ამაღლობელის დაკავება მოხდა საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტების მზარდი შევიწროებისა და მათზე თავდასხმების ფონზე. IPI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას არაპროპორციული ბრალდებები ამაღლობელის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი და „ბათუმელებისა“ და მისი თანამშრომლების მიმართ შეწყვიტოს ყოველგვარი შევიწროება. IPI-ს გლობალური ქსელი სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს და ყველა სხვა დამოუკიდებელ რეპორტიორს, რომლებიც მუშაობენ ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ამაღლობელი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პატივსაცემი საინფორმაციო ონლაინპორტალის, „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი. „ბათუმელები“ ხშირად აშუქებს კორუფციას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო მოხელეების მონაწილეობით. თავდასხმების, მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამაღლობელმა და „ბათუმელებმა“ აჩვენეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისადმი. 2023 წელს „ბათუმელები“ ნომინირებული იყო IPI-IMS Free Media Pioneer-ის ჯილდოზე დამოუკიდებელი, ხარისხიანი ჟურნალისტიკისადმი თავდადებისთვის“.

ამასთან, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ განცხადებით, „ამაღლობელის დაკავებამდე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ შეურაცხყოფა მიაყენა „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს. „ბათუმელებს“ არაერთხელ გაუშუქებია და გამოუაშკარავებია ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევები დგებუაძის დროს.

ამაღლობელი თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილების შესასვლელთან კედელზე დაგეგმილი საყოველთაო გაფიცვის შესახებ სტიკერი დააკრა. გათავისუფლებისთანავე იგი ესაუბრებოდა მხარდამჭერებს პოლიციის განყოფილების გარეთ, როდესაც პოლიციამ დაიწყო მისი რამდენიმე მხარდამჭერის დაკავება. ამას მოჰყვა ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის შელაპარაკება, რა დროსაც ამაღლობელს დგებუაძისთვის ხელის გარტყმაში ადანაშაულებენ. შემდეგ ის დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილის („თავდასხმა პოლიციელზე, სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე ან სხვა საჯარო თანამდებობის პირზე“) დარღვევისთვის, მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც შეიძლება, ისჯებოდეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ წერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანახმად, ინციდენტის ვიდეო აჩვენებს, რომ სილა იყო „სიმბოლური და არ ჰქონდა საკმარისი ძალა ზიანის მიყენებისთვის“ და, ამგვარად, არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის სერიოზულობის სტანდარტს.

ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ „ხუთშაბათს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე სთავაზობდა გირაოს გადახდას. ამან გამოიწვია ჟურნალისტების მხრიდან დემონსტრაციები და დიპლომატიური საზოგადოების მხრიდან მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებები“.