პრესაში „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობამ გაჟონა
პრესაში „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობამ გაჟონა

2019 წლის შედეგების მიხედვით, „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდება „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი. როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, 32 წლის ფეხბურთელს უკვე აცნობეს ამის შესახებ პრესტიჟული პრემიის ორგანიზატორის, ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის“ წარმომადგენლებმა.

იტყობინებიან, რომ „ფრანს ფუტბოლის“ მთავარი რედაქტორი და ერთი ჟურნალისტი ბარსელონაში იმყოფებოდნენ იმისთვის, რომ მესისთვის გამარჯვება ეხარებინათ და მისგან ინტერვიუ ჩაეწერათ.

ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ, საბუკმეიკერო კანტორებში მესის კოეფიციენტი 2.88-დან 1.12-მდე დაეცა, ხოლო აქამდე ფავორიტად გამოცხადებული ვირჯილ ვან დეიკის კოეფიციენტი 1.36-დან 5.50-მდე ამაღლდა.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია 2 დეკემბერს, პარიზში გაიმართება.

ლიონელ მესის „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ აქვს მოგებული – 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში.