პრემიერმა საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის ნიდერლანდების სამეფოს მადლობა გადაუხადა
პრემიერმა საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის ნიდერლანდების სამეფოს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებს, ასევე პოზიტიურ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით და თანამშრომლობას საზღვაო სფეროში.

საუბარი შეეხო მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებს. ამ კონტექსტში აღინიშნა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიული მნიშვნელობა, ვინაიდან, ნიდერლანდების სამეფოს საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ ფორმატში, გასული წლის ნოემბერში, პირველად ეწვია; ასევე, ნიდერლანდების სამეფოს მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობას თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი დაესწრო.

დატოვე კომენტარი