პრემიერმა ლილოში ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა
პრემიერმა ლილოში ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერა

საქართველოში ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის წარმოება დაიწყება.- 15 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტი, რომლის მიმდინარეობას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო, ლილოში იტონგის (Ytong) ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს.

ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, საწარმოში თანამედროვე ტექნიკა-დანადგარები დამონტაჟდება, რაც ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის წარმოებას მოემსახურება.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, Ytong-ის ბლოკი, დაბალი თბოგამტარობის საშუალებით, მომხმარებელს შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგიაზე გაწეული ხარჯის 20-30%-ს დაუზოგავს. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას გეგმავს, რომლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, ნაწილი კი ექსპორტზე გავა.

პროექტი “საპარტნიორო ფონდის”, კომპანია Ytong Capital-ისა და გერმანული კომპანია Xella-ს თანამშრომლობით ხორციელდება.

მშენებლობა პრემიერმა თბილისის მერ კახა კალაძესა და “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძესთან ერთად დაათვალიერა.