პრემიერმა და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს
პრემიერმა და სენატორებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სენატორებმა ბობ კორკერმა და ბობ მენენდესმა აშშ-ის სენატში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ყურადღება ქვეყნის მიერ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს, ასევე – საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ რეფორმებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მნიშვნელოვან თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ და დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებზე.

პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და გაფართოებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.