პრემიერის პრესსამსახური - ჩვენს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე დაფიქსირდა „ტროლინგი“ იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება შედიოდა
პრემიერის პრესსამსახური - ჩვენს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე დაფიქსირდა „ტროლინგი“ იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება შედიოდა

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა „ტროლინგი“, რაც ნათელია, რომ განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება, – ამის შესახებ პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, საღამოს 18:00 საათიდან, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის ერთ-ერთ პოსტზე დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ „ტროლინგი“, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები, „ფეისბუქ“ მომხმარებლები, პროტესტის ფორმის გამოსახატად იყენებენ.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, პოსტზე რეაქციების მატებას კრიტიკული ან არაეთიკური კომენტარები მოჰყვა.

„ამ პროცესზე გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, კერძოდ, წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები.  დაახლოებით 20:00 საათისთვის, კონკრეტულად პოსტის მოწონების ე.წ. Like-პროცესის დისკრედიტირების მიზნით, გამოჩნდა არაქართული წარმოშობის ყალბი პროფილები, რომლის შესყიდვაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, როგორც საკუთარი, ასევე, სხვა ნებისმიერი მომხმარებლის გვერდისთვის. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ლაიქების ყიდვის პროცესი, მით უმეტეს არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან.

შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის „ფეისბუქ“ გვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება”, – განაცხადეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.