პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება
პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება

კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას აქვს ორი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამოცანა: ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და იმ ეკონომიკური ზარალის მინიმიზაცია, რაც ვირუსის გავრცელებას ახლავს თან , – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ ორ სტრატეგიულ ამოცანას შორის კავშირი არის ნათელი, რადგან ვირუსის გავრცელების მასშტაბები და დინამიკა, პირდაპირ განსაზღვრავს ზეგავლენის ხარისხს მოქალაქეების შემოსავალზე, ბიზნესაქტივობაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე და ა.შ.

„ამ ორი სტრატეგიული ამოცანის მიღწევისთვის, საქართველოს მთავრობამ, ჯერ კიდევ ვირუსის შემთხვევის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე შექმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, რომ მინიმიზაცია გაეკეთებინა ეპიდემიური რისკების დასაწყისში, ხოლო შემთხვევის დაფიქსირებიდან ყოველდღიურად აგრძელებდა მუშაობას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად ემართა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ზოგადად „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა  გავლენას ახდენს და ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე, უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი, პირველი დღეებიდან მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით აღნიშნული პრინციპებია: მოქალაქეებისთვის კრიზისთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების მაქსიმალური შემსუბუქება; ბიზნესის დახმარება, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და კრიზისიდან გამოსვლის დაწყების შემდეგ ეკონომიკური აქტივობის სწრაფად აღდგენის ინსტრუმენტების შემუშავება, რათა ქვეყანა სწრაფად დაეწიოს იმ სასტარტო პირობებს, რომლითაც მიმდინარე ეკონომიკური წელი დაიწყო.

პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ დასახელებული სამი პრინციპული ამოცანის შესასრულებლად ხელისუფლებამ რიგი ღონისძიებები განახორციელა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ კავშირიდან გამომდინარე, რაც არსებობს ეპიდემიოლოგიურ ზემოქმედებასა და ქვეყანაზე ნეგატიურ ეკონომიკურ ზემოქმედებას შორის, გეგმა შესაძლოა, იცვლებოდეს, როგორც მასში შემავალი ღონისძიებების თვალსაზრისით, ასევე თითოეულ ღონისძიებასთან დაკავშირებული მასშტაბების თვალსაზრისით. შესაბამისად, გეგმა იყოფა ორ ნაწილად. ეს არის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა კრიზისის დასაწყისში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივობის შენელებიდან გამომდინარე საჭირო დახმარების ფარგლებში და იმ ნაწილად, რომელიც ეხება საზოგადოების ნაწილს, ვგულისხმობ სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების მიმართულებებს. განხორციელებული ღონისძიებების ნაწილში ვიმუშავეთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად და ერთობლივად წარვადგინეთ და განვახორციელეთ ეს ღონისძიებები, რომელიც დაეხმარა როგორც საბანსკო-საფინანსო სექტორს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მაგალითად ასეთი იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადება, რომლითაც დღეის მდგომარეობით დაახლოებით 4500-მა კომპანიამ ისარგებლა; მცირე სასტუმროების პროცენტის სუბსიდირება; სასურსათო ფასების დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან; დღგ-ს დამატებითი დაბრუნების დაანონსება, რომელიც დაიწყო და მომდევნო წლის განმავლობაშიც გაგრძელდება; კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დაახლოებით მილიონ-ნახევარზე მეტი ოჯახისთვის.

„გარდა ამ ღონისძიებებისა, ანტიკრიზისული გეგმის საწყისი ეტაპი, რომელიც განხორციელდა, ითვალისწინებდა საფინანსო და საბანკო სექტორის მხარდაჭერასაც. აქ რეგულატორმა ძალიან ეფექტიანად იმუშავა, რათა შეექმნა შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ მაგალითად გამოეთავისუფლებინა დაახლოებით 1,6 მილიონის კაპიტალი საბანკო სექტორისთვის, პოტენციური რისკებიდან გამომდინარე, საფრთხეების მაქსიმალურად შემცირებისათვის, განახორციელა ე.წ სვოპოპერაციები, რომელმაც საფინანსო სექტორს ლიკვიდობაზე დამატებითი წვდომა მისცა, რომ შემდგომ ეს ლიკვიდობა მიაწოდოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს და ა.შ“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის შემდეგ ისაუბრა.