საქართველოს დელეგაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო მინისტერიალსა და კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო მინისტერიალსა და კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, 13-14 მაისს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის საიუბილეო მინისტერიალსა და კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, ღონისძიებაზე საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბროს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ღიონისძიება იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნავს 10 წლის იუბილეს. გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ პარტნიორებთან ვისაუბროთ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს ლიდერობა აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ბუნებრივია, მაქსიმალურად გამოვიყენებთ როგორც კონფერენციას, ასევე მინისტერიალს ჩვენს მომავალზე სასაუბროდ, მომავალ პერსპექტივაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ამ პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებსაც.

„ბუნებრივია, ვისაუბრებთ მიზნებზე, რაც არის დაკავშირებული საქართველოს კიდევ უფრო ჩართულობასთან სექტორული კუთხით, ასევე ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ყველა იმ ახალ ფორმატზე, რომელიც საქართველოს გააჩნია – ევროკავშირთან უსაფრთხო დიალოგი, ასევე უმაღლესი დონის ფორმატი. რა თქმა უნდა, იმ ერთობლივ საქმიანობაზეც, რაც ევროკავშირთან გვაქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირაში ყაზახეთში გაემგზავრება, სადაც მას ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან და მონაწილეობას მიიღებს ასტანის ეკონომიკურ ფორუმში.

„ცენტრალური აზიის მიმართულება ასევე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ყაზახეთთან და მთლიანად ცენტრალურ აზიასთან არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში და ბუნებრივია, ეს ვიზიტიც ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში უაღრესდ მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.