პრემიერი შემოსავლების სამსახურს ავალებს, უმოკლეს ვადებში შეგროვდეს კომპენსაციების გასაცემად აუცილებელი მონაცემები, ბიზნესს კი მოუწოდებს, უფრო შედეგიანად ითანამშრომლოს აღნიშნულ უწყებასთან
პრემიერი შემოსავლების სამსახურს ავალებს, უმოკლეს ვადებში შეგროვდეს კომპენსაციების გასაცემად აუცილებელი მონაცემები, ბიზნესს კი მოუწოდებს, უფრო შედეგიანად ითანამშრომლოს აღნიშნულ უწყებასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყველა ბიზნესოპერატორს, რომელსაც თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა მოუწია, მოუწოდებს, უფრო ეფექტიანად და შედეგიანად ითანამშრომლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან.

პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეთათვის კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებს.

მისი თქმით, კომპენსაციის მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტიანი თანამშრომლობა მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და ბიზნესოპერატორებს შორის.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ წარადგინა და, რომელიც უკვე ამოქმედდა. მოგეხსენებათ, ამ გეგმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად, ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორს შორის. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია სამწუხაროდ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან შემოსავლების სამსახურს დაავალა, ყველა შესაბამისი მონაცემი უმოკლეს ვადებში შეგროვდეს.

„მინდა, დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში, რათა თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება მთავრობის მხრიდან სჭირდება, დახმარება მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მას მოქალაქეს ვაძლევთ დროულად, როცა ეს სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი