პრემიერი - საქართველო არის ღია ეკონომიკა, მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით
პრემიერი - საქართველო არის ღია ეკონომიკა, მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით

საქართველო არის ღია ეკონომიკა, მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით – ამის შესახებ საქართველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, მისასალმებელ პანელზე „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს „ახალი აბრეშუმის გზის“ ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში.

„საქართველო არის ღია ეკონომიკა. ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან. ყოველივე ამით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანამშრომლობის მზაობას აქ წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან.

საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს „ახალი აბრეშუმის გზის“ ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში. მოგეხსენებათ, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოქტომბერში ავამოქმედეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რომელმაც ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპის სარკინიგზო ქსელთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირა.

მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ​განსაკუთრებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა.

„აღნიშნულს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში.

ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და ასევე, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები.

იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, „დიდი აბრეშუმის გზის“ ამბიციურ პროექტში მონაწილე ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა, და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით.

დღევანდელი შეკრება და ჩვენი ფორუმი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ლიდერების ვალია, შევქმნათ განვითარების მაქსიმალური პირობები და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თანამშრომლობითა და კონსტრუქციული მიდგომებით, ღირსეული თანამედროვეობა და მდგრადი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.