პრემიერი კრიმინალურ ვითარებაზე - არსებობს სერიოზული გამოწვევები, რასაც უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები
პრემიერი კრიმინალურ ვითარებაზე - არსებობს სერიოზული გამოწვევები, რასაც უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები

არსებობს სერიოზული გამოწვევები და ამას უნდა დავუპირისპიროთ სერიოზული რეფორმები, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე ოთარ კახიძის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას ეხებოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი მიმდინარეობს.

„მე, ამავე დროს, მაქვს სტატისტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში ადამიანების რაოდენობის შესახებ. პენიტენციურ სისტემაში ადამიანების რაოდენობით საქართველო იყო ევროპაში პირველი და თუ არ ვცდები, მსოფლიოში – მესამე. თუ კრიმინალი ამდენჯერ ნაკლები იყო მაშინ, ყველაზე დიდი რაოდენობის ხალხი როგორ იყო იმ დროს ციხეში?! პასუხი ჩემზე კარგად იცით, რადგან იმ სისტემაში მუშაობდით.

შსს-ში მიმდინარეობს სისტემური განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება საგამოძიებო კომპონენტზე, რომელიც არის დაქვეითებული, მათ შორის იმ მემკვიდრეობით, რომელიც თქვენგან გვერგო. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო მიმდინარეობს პრევენციისთვის და ამ მიმართულებით ახალი ორგანოებია შექმნილი, რათა შევინარჩუნოთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტი. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი დეპარტამენტი შეიქმნა და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს დონორებისგან. 21-ე საუკუნეა, პრევენციის საუკეთესო გზა არის ინვესტიციები ტექნოლოგიებში – ესეც არის გაკეთებული. არ არის საკმარისი, უფრო მეტს გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.