პრემიერი - გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, უფრო მეტ სიყვარულს
პრემიერი - გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, უფრო მეტ სიყვარულს

საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, ვუსურვებ უფრო მეტ სიყვარულს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, ვუსურვებ უფრო მეტ სიყვარულს და საერთოდ, მინდა მოგილოცოთ 2018 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პატრიარქმა თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე.

„იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც არის ანალოგიური. მე ყველას ვუსურვებ, რომ ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა რამდენიმე საიუბილეო თარიღზე გაამახვილა ყურადღება და პატრიარქს მისი აღსაყდრებიდან მეორმოცე შობა მიულოცა.

„ჩვენს პატრიარქს მინდა, მივულოცო მეორმოცე შობა მისი აღსაყდრებიდან. მინდა, მივულოცო – ორიოდე დღის წინ მას შეუსრულდა 85 წელი. წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავია და ვზეიმობთ ამ თარიღს, ჩვენი პირეწლი რესპუბლიკის გამოცხადებიდანაც 100 წლისთავია. ასე რომ, ბევრი კარგი თარიღია და საქართველოს მინდა, ვუსურვო ბედნიერება, ოჯახებს ვუსურვო კეთილდღეობა, სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში საქართველოს წინსვლა“, – განაცხადა პრემიერმა.