პრემიერი გიგა ბოკერიას - ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე წყალს ვინ ასხამს, ამაზე მაიკლ კარპენტერის განცხადებას კარგად გაეცანით
პრემიერი გიგა ბოკერიას - ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე წყალს ვინ ასხამს, ამაზე მაიკლ კარპენტერის განცხადებას კარგად გაეცანით

თქვენი ხელისუფლების შედეგია ის, რასაც დღეს ვწვალობთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რა საოცარია, იმ ხელისუფლების წარმომადგენლის კი არა, ერთ-ერთი ლიდერის ასეთი შემართებით საუბარი საკითხზე, რომელიც არის თქვენი ხელისუფლების უმძიმესი მემკვიდრეობა და რა თქმა უნდა, მე ერთი წუთით არასოდეს არც ერთ პლატფორმაზე არ აღმინიშნავს, რომ ეს არ არის რუსეთის ოკუპაცია, რომ რუსეთს არ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები.

პირდაპირ გეუბნებით, ლეგიტიმურია თუ არა ის, რომ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 123 სოფელი დაკარგა მცოცავი ოკუპაციის შედეგად. კითხვა მაქვს გიგა ბოკერიასთან. თქვენ ცდილობთ, რომ თქვენი უმძიმესი მემკვიდრეობა წარმოაჩინოთ ჩვენი ხელისუფლების დანაშაულად.

ჩვენი ქვეყნის მტერი და ოკუპანტი რასაც ამბობს, იქ შეიძლება რაღაც ფრაზის დამთხვევა მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანის დამნაშავედ გამოცხადება ამის გამო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რომ ახორციელებს აბსოლუტურად ღირსეულად საერთაშორისო არენაზე დეოკუპაციისკენ მიმართულ პოლიტიკას და საერთაშორისო ძალისხმევას. ამას მგონი, ყველა ადასტურებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიგა ბოკერია დაინტერესდა პრემიერის მოსაზრებით, ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, უნდა შეეზღუდოთ თუ არა საქართველოში შემოსვლა.

„ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრების ხელახალი დაკანონება მოხდა თქვენი ხელისუფლების მიერ. გამომდინარე აქედან, თქვენგან ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად არაადეკვატური. თქვენი ხელისუფლების შედეგია ის, რასაც დღეს ვწვალობთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან.

ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე წყალს ვინ ასხამს, გაკეთდა მაიკლ კარპენტერის, საქართველოს დიდი მეგობრის, თქვენი მეგობრის მათ შორის განცხადება. კარგად გაეცანით იმ განცხადებას ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის თაობაზე“, – განუცხადა პრემიერმა გიგა ბოკერიას პარლამენტში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მხოლოდ კრემლისთვისაა სასარგებლო.