პრემიერი - ევროსასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ქართული პოლიტიკური სცენიდან მის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად
პრემიერი - ევროსასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ქართული პოლიტიკური სცენიდან მის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა და დეპუტატების წინაშე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდი წაიკითხა.

„იუსტიციის მინისტრმა მომაწოდა პირდაპირ ციტატა, ეს არის ბრჭყალებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული ზუსტი ციტირება, თუ რა არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამი.

სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ მომჩივნის, ანუ მომჩივანი გახლავთ ბატონი მერაბიშვილის მხარე, წინასწარი პატიმრობა ქართული პოლიტიკური სცენიდან მის ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, ეს არის ციტირება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების.

ვაგრძელებ, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის წინასწარი პატიმრობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მწვავე პოლიტიკური ანტაგონიზმის ფონზე მიმდინარეობდა, მომჩივნის მიერ მოყვანილი სხვადასხვა არგუმენტი არ არის საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ პატიმრობის უმთავრესი მიზანი არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის სათანადოდ წარმოება, არამედ ქართულ პოლიტიკაში მისი მონაწილეობისთვის ხელშეშლა იყო. ციტატის დასასრული.

შემდეგი ციტატა, მთავრობამ სრული ანგარიში წარმოადგინა დაკავებამდე მოპოვებული ბრალდების გამამყარებელი მასალებისა, ამ მასალებში არაფერი ჩანს ისეთი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მომჩივნის წინააღმდეგ არსებულ გონივრულ ეჭვს. ციტატის დასასრული.

ეს არის ის, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, მათ შორის მინისტრთა კომიტეტის წინაშე“,  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.