პრემიერი ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო
პრემიერი ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რესან კონცელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ ბათუმში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პროექტის კონცეფციას გაეცნენ, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ასევე თანამედროვე ბიბლიოთეკას, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს. „განათლების ქალაქი“ მოიცავს მათემატიკურ სკოლას, 100 ახალგაზრდაზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს და სხვა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათემატიკური სკოლის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. მათემატიკური სკოლის შენობაში, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.