პრემიერ-მინისტრმა წინანდალში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო Radisson Collection-ი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა წინანდალში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო Radisson Collection-ი გახსნა

კახეთში, წინანდალში მუშაობას იწყებს უახლესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასტუმრო კომპლექსი – Radisson Collection-ი. კახეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

მთავრობის მეთაურმა პროექტის განხორციელებისთვის “სილქ როუდ ჯგუფს” მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასტუმროსთვის შერჩეულია უნიკალური ადგილი.

„გამორჩეული მდებარეობა, ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შერწყმა მართლაც განსაკუთრებულსა და უნიკალურს ხდის ამ ლამაზ კომპლექსს. ამავე დროს, სასიხარულოა, რომ “სილქ როუდ ჯგუფის” უნიკალური პროექტების განხორციელებით წინანდალი მსოფლიო კულტურული ცხოვრების ყურადღების ცენტრში მოექცა, იგი მასპინძლობს მსოფლიო დონის მუსიკოსებს და ქართული კულტურის ახალ კერად იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ წინანდალში – ჭავჭავაძეების სასახლესთან, სადაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩქეფდა კულტურული ცხოვრება, გრძელდება ქართული კულტურის საუკეთესო ტრადიციები.

წინანდლის მამულში დაიბადა ასევე კლასიკური ქართული მეღვინეობა, სადაც გრძელდებოდა მეღვინეობის რვაათასწლოვანი ტრადიცია და ამავე დროს, დამკვიდრდა ევროპული მეღვინეობის კულტურა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და წინანდალში თანაარსებობს კლასიკური ევროპული და ტრადიციული, ქართული ქვევრის მეღვინეობა და ასევე, აღდგენილია წინანდლის მამულის ისტორიული ვენახები.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საპარტნიორო ფონდს, პროექტის დამფინანსებლებსა და ყველა ხელოვანს, ვინც ჩართული იყო წინანდალში ამ ლამაზი ინფრასტრუქტურის შექმნაში.

„ამ უნიკალურ ადგილას ყველა პირობაა იმისათვის, რომ როგორც სტუმრებისთვის, ისე ტურისტებისთვის წინანდალი წლის ოთხივე სეზონზე იყოს მიმზიდველი. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია მსგავსი ობიექტების გახსნა, ვინაიდან, ეს ამავდროულად ხელს უწყობს საქართველოში საოჯახო სასტუმროების განვითარებასაც.

ევროპული გამოცდილებით, სწორედ ასეთი ძლიერი და ლამაზი კომპლექსების ირგვლივ ვითარდებოდა სასტუმროები და საოჯახო სასტუმრო ბიზნესი და ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ მსგავს პროგრამებს. დარწმუნებული ვარ, მთელი ეს შესანიშნავი კომპლექსი – ეს სასტუმრო, საკონცერტო დარბაზები, ისტორიული ვენახები, წინანდლის მამულის ღვინო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის, მათ შორის, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციის საქმეში.

ჩვენი მთავრობა მიესალმება და იდეურად უდგას მხარში ასეთ წამოწყებებს, რადგან კარგად გვესმის ასეთი კერების დანიშნულება. ამ მასშტაბის პროექტებს ყოველთვის მოჰყვება თანამდევი პროცესი – ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმისა და სერვისების, ბიზნესის განვითარება, რაც ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ასეთი კლასის სასტუმრო კომპლექსებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რაც, პირველ რიგში, იმის მანიშნებელია, რომ საქართველო წინ მიდის, ვითარდება და სრულიად უნიკალურ როლს იძენს ჩვენს გეოგრაფიულ არეალში.

„საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო რეგიონის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი და მოგეხსენებათ, რა არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის ხედვა – საქართველო გახდეს რეგიონული ცენტრი, დაიბრუნოს ის დიდება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს კულტურული ცენტრი, ისეთი კულტურის მატარებელი, როგორიც ჩვენს ძალიან დიდ და ღირსეულ წარსულს შეეფერება”, – განაცხადა პრემიერმა.

142-ნომრიან უმაღლესი კლასის სასტუმროსთან ერთად, წინანდლის კომპლექსი ამფითეატრს, დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის ქარხანას და აღდგენილ ვენახებს მოიცავს.