მამუკა ბახტაძემ საქართველოს მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელებს უმასპინძლა
მამუკა ბახტაძემ საქართველოს მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ესტუმრნენ.

მთავრობის მეთაურმა მათ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრებიან, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გამართავენ მაღალი დონის შეხვედრებს.

სტუმრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“, რომლის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები და ყურადღება დაეთმობა რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი