პრემიერ-მინისტრმა და გიორგი გახარიამ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე კონკრეტული კომენტარისგან თავი შეიკავეს
პრემიერ-მინისტრმა და გიორგი გახარიამ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე კონკრეტული კომენტარისგან თავი შეიკავეს

პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა მოსალოდნელ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე კონკრეტული კომენტარი არ გააკეთეს.

გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია ტექნოპარკში, გლობალური სამეწარმეო კვირეულის გახსნას დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ განცხადება ხვალ გაკეთდება.

გიორგი გახარიამ კი კითხვაზე, ადასტურებს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნას, უპასუხა  – „ჯერ არა”.

საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე დანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებს.

პირველი არხის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.

ამასთან, მთავრობაში ცვლილებების პარალელურად შესაძლოა, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება ჩამოყალიბდეს.

რაც შეეხებათ მინისტრებს, პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.

ეკონომიკის მინისტრად სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის შესახებაც.

 

ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი