პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურმა, საქართველოს ხელისუფლებისა და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, რისი გამოხატულებაც არის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მათი ვიზიტი საქართველოში.

“10 წლის წინ რუსეთმა კიდევ ერთი აგრესია განახორციელა საქართველოს, ქართული სახელმწიფოს მიმართ, დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ქართულ ოჯახს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, მამა, ძმა, ნათესავი თუ მეგობარი. საქართველოს ტერიტორიის 20% სამწუხაროდ ჯერ ისევ ოკუპირებულია და ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში. ამაზე ჩვენი პასუხია ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში და ძლიერი საზოგადოების, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერისთვის. ისინი, როგორც 10 წლის წინ, დღეს დგანან ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე წუთებში და ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.