პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ იანვარში ესაუბრა
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ იანვარში ესაუბრა

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ იანვარში ესაუბრა, – ამის შესახებ პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არც ერთ სახელმწიფო მოხელეს, პრემიერისა და მინისტრების ჩათვლით, არ გამოუთქვამთ სურვილი, დაინტერესებულიყვნენ ამ საქმით,  პირველი არხი პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

„იმ საკითხებთან დაკავშირებით, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, პრემიერ- მინისტრს ნამდვილად ჰქონდა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ის ფაქტი, რომ მთავრობის მეთაური აღნიშნული საკითხით არ დაინტერესებულა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს შეხვედრა ჯერ კიდევ იანვარში გაიმართა“, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ დატოვებასთან დაკაშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ასევე აღნიშნა, რომ „არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა“.