პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს

მთავრობის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მიკრობანკის სახით შეიქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, რომელშიც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია.

მიკრობანკის კანონით განსაზღვრული მანდატი იქნება დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, რითაც გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით  – რეგიონებში.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა „საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა”.

სტრატეგიის ძირითადი ამოცანებია  საგზაო უსაფრთხოების მართვის ეფექტიანობის  გაზრდა, საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის გაუმჯობესება, უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება, სწრაფი და ეფექტიანი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.