პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება მილიონი ლარით გაეზარდათ 
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება მილიონი ლარით გაეზარდათ 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს მილიონი ლარი დაემატა.

პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. თანხა – მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.