პრემიერ-მინისტრის დავალებით ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა
პრემიერ-მინისტრის დავალებით ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ ესაუბრა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.