პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჭიათურაში ჩავლენ
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჭიათურაში ჩავლენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჭიათურაში ჩავლენ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი დავალება მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღო.

„მივიღე დავალება პრემიერ-მინისტრის, მე და ჩემი კოლეგები ჯანდაცვის მინისტრი, განათლების სამინისტრო,  უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ დავესწრებით და ჩავერთვებით ადგილზე მედიაციის პროცესში. სახელმწიფო პირველივე დღიდან არის ჩართული შრომის ინსპექციის სახით. ჩვენ შეგნებულად დავაცადეთ ორივე მხარეს, რათა გამოეჩინათ მაქსიმალური ძალისხმევა და გამოენახათ საერთო ენა, შემდგარიყო დიალოგი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ასეთი საკითხები პირველ რიგში, უნდა წყდებოდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში.

„მაგრამ ვინაიდან წამოჭრილი საკითხების დიდი ნაწილი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შრომის ნორმალური პირობები, კვების საკითხი, ეკოლოგიური საკითხები, რაც ნამდვილად გვადარდებს დ ჩვენთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს საკითხი დროში გაჭიანურდა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენს რესურსს გამოვიყენებთ, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა.