პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები 28 ივნისს გაგრძელდება
პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები 28 ივნისს გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები მომავალი კვირის ორშაბათს, 28 ივნისს გაგრძელდება.

პლენარულ სხდომაზე ამ დროისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა დამაზუსტებელ კითხვებს. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სურს დებატებში მონაწილეობა, რაც დღეს ვერ მოესწრება, რადგან რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს ივნისის ბოლო პარასკევს, დღეს 00:00 საათამდე.

დეპუტატებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დახურეს საგაზაფხულო სესია. კახა კუჭავამ განაცხადა, რომ 28 ივნისს მოწვეული იქნება რიგგარეშე სხდომა და ამისთვის პრეზიდენტს მიმართა.

პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა ფორმატშიც პოლიტიკურ ძალებს გამოსვლების საშუალება ექნებათ. ამ პროცედურის ამოწურვის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრს შეეძლება, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლოს.

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა.