პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს წლიური მოხსენება პირადად წარუდგინოს
პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს წლიური მოხსენება პირადად წარუდგინოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიური მოხსენება, წელიწადში ერთხელ, პირადად წარუდგინოს.

აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, 4 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს წერილობითი ფორმით სექტემბერში წარუდგენს, ცვლილებების პროექტით კი, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება და შესაბამისი წერილობითი ანგარიში წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში (ივნისში) წარუდგინოს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს პრემიერთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ, განხილვას პოლიტიკური დებატები მოჰყვება.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება.  განხილვის შემდეგ კი, შეიძლება მიღებულ იყოს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება.