პრემიერ-მინისტრი სოფელ შუასურების ახლად აშენებულ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სოფელ შუასურების ახლად აშენებულ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების ახლად აშენებულ სკოლაში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამდროვე სტანდარტების სკოლები საქართველოს მასშტაბით აშენდება.

მთავრობის მეთაურმა სოფლის ისტორიის შესახებ სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინა და ბავშვებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერის თქმით, მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა და მათი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობების გაჩენა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

„განათლების რეფორმა და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელება არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. გურიაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება. ამასთან ერთად, არის რესურსი გამოთავისუფლებული, იმისთვის, რომ გავაორმაგოთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩემი ინტერესის საგანია ინტერნეტიზაციის პროექტი. გურიაში ჩვენ გვაქვს ადგილები, სადაც არის პრობლემა და ბუნებრივია, სკოლებისა და ბაღების განვითარების პარალელურად არის სურვილი, რომ ეს პროექტიც დავაჩქაროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებში ახალი სკოლა მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა. სკოლა, რომლის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დასრულდა, თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტების შესაბამისია. მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობების კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

დატოვე კომენტარი