პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მტკიცე მოკავშირეს წარმოადგენს.

„საუბრისას ხაზი გაესვა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს პანდემიის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებს ამ კუთხით იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას.