პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტიდან დაიწყება
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტიდან დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებელებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

დატოვე კომენტარი