პრაღიდან სპეცრეისით საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა
პრაღიდან სპეცრეისით საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდა სპეცრეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით საქართველოს 89 მოქალაქე დაბრუნდა.

აღნიშნული რეისით ისარგებლეს საქართველოს მოქალაქეებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სასტუმრო „ეიფორიაში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 14 დღიანი კარანტინის დროს 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 5018 ადამიანია განთავსებული.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და ა.შ.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი –ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.