პრაღაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
პრაღაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

პრაღაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომა მოითხოვეს.

ორგანიზატორების მონაცემებით, მანიფესტაციაში 120 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. შესაბამისად ეს 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქციაა.

ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები აპრილის შემდეგ პერმანენტულად იმართება.

მილიარდერ ანდრეი ბაბიშს 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიების თავისი ჰოლდინგისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე. თავად ბაბიში დანაშაულს უარყოფს და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მაისში ბაბიშმა იუსტიციის მინისტრი შეცვალა, საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ იუსტიცის ახალი მინისტრი მარია ბენეშოვა პრემიერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების მიუკერძოებლობას ვერ უზრუნველყოფს.