პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს 
პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს 

პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დაწყებამდე პირველ არხთან აღნიშნა, შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები.

„ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და რუსეთს შორის თითქმის 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა. ევროკავშირისა და თურქეთის შემდეგ, რუსეთი საქართველოს მესამე პარტნიორია. რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, არ გვაქვს საელჩოები, ამიტომ ასეთი ეპიზოდური შეხვედრები აუცილებელია, რათა ამ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილოთ. ამას ყურადღება და პატრონობა სჭირდება. ზოგადად, ჩვენს საუბრებზე სერიოზულ გავლენას ახდენს ის ვითარება, რაც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ქართულ-რუსულ პრობლემატიკასთან. ჩვენ არ ვეხებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მაგრამ წმინდა ადამიანურად მიჭირს, გვერდი ავუარო ამას”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა მაღალი ტრიბუნიდან.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო. პრინციპული შეფასება მიეცა რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. იყო იქ მწვავე კრიტიკაც, იყო მოწოდებები საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, სიტყვაში იყო მოწოდებები აფხაზებისა და ოსების მიმართ. მოვისმინეთ ჩვენ უკვე მერამდენეჯერ, რომ რუსეთი არ არის კავშირში და ვინ გიშლით ხელს ესაუბროთ აფხაზებს და ოსებსო. თუ კედლებს ააშენებენ და მავთულხლართებს გაავლებენ, მაშინ საუბარი წარმოუდგენელია. თუ ახსენებენ შეხვედრაზე ამ თემას, მაშინ ჩვენ გვაქვს პასუხი”, – განაცხადა აბაშიძემ.