პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ანტიკორუფციული რეიდის დროს პოლიციელებს დაუპირისპირდა
ანტიკორუფციული რეიდის დროს ფრანგი ულტრა-მემარცხენე პოლიტიკოსი, ჟან-ლუკ მელანშონი პოლიციელებს დაუპირისპირდა. გამომძიებლები პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და პარლამენტარის, მელანშონის პარტიის, „გაუტეხელი საფრანგეთის“ ოფისში ჩხრეკას ატარებდნენ და პოლიტიკოსი ოთახში არ შეუშვეს.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, მელანშონის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება საჯარო მოხელეების მიმართ ძალადობისა და სასამართლო ხელისუფლების წევრთა დაშინების მიმართულებით დაიწყო.
მანამდე, ფრანგმა გამომძიებლებმა ჩხრეკა მელანშონის საცხოვრებელ სახლშიც ჩაატარეს, რასაც დეპუტატმა „პოლიტიკური აგრესია“ უწოდა. გამოძიების თანახმად, ჟან-ლუკ მელანშონმა ევროპარლამენტის ფონდები სავარაუდოდ, თანაპარტიელების დასაფინანსებლად გამოიყენა. ძიება ასევე მიმდინარეობს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეზეც.